среда, 1 апреля 2009 г.

ჰამლეტ გონაშვილი

დაიბადა 1928 წლის 23 ივნისს

დედა-მარიამ (მარგო) კაცელაშვილი პროფესიით პედაგოგი. 

მამა-დიმიტრი გონაშვილი, წარმოშობით მირზაანელი, შემდეგ ანაგაში ცოლის მამულში დასახლებული. 

1937 წლამდე სიღნაღში მასწავლებლობდა, შემდეგ კი ოჯახით ცხინვალში გადავიდა. იქაურ ინსტიტუტში განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა. იგი არის მრავალი მხატვრული ნარკვევის, ზღაპრის და საბავშვო მოთხრობის ავტორი.

ჰამლეტის პირველი ჰანგები “ირემო მთასა მყვირალო” იყო.

ჰამლეტი მესამე კლასამდე სიღნაღში ცხოვრობდა, მეშვიდე კლასამდე კი ცხინვალში, სადაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პარალელურად, მუსიკალური სკოლის ვიოლანჩელოს კლასში ნიჭითა და სიბეჯითით ყველასაგან გამორჩეულ მოსწავლედ ითვლებოდა.

1941 წლიდან (სამამულო ომის გამო, გაჭირვებული ცხოვრების გამო) იძულებული გახდა დედასთან და დასთან ერთად ანაგაში ჩამოსულიყო. ანაგის სკოლა ამაყობს, რომ “საქ-ს ბულბული” ორი წლის განმავლობაში მის დერეფნებში დაჰქროდა. 

 მას მართლაც საოცარი ხმა ჰქონდა, უცნაურად მადლმოსილი. როცა სცენაზე იდგა უზადოდ ჩაცმული, ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი და მღეროდა ღვთაებრივ ჰანგებს, მის გარშემო სხვა არაფერი არსებობდა. მთელი სამყარო ყურს უგდებდა, უფრო მეტიც, იგი ხელახლა იბადებოდა, იდუმალებასა და სისუფთავესთან ერთად თან მოჰქონდა ისტორიის სევდა, წარსული გამარჯვება თუ მარცხი ერისა, საბრძოლო დიდება, გლეხკაცის დუხჭირი ცხოვრების ამსახველი ტკივილი თუ შრომის სიხარული, ობოლი მწყემსის ფიქრები დაგვიანებულ ლაშქარს რომ ელოდება და თან ბრძოლისკენ მიუძღვის გული, ნაზი და ამავდროულად სევდიანი სატრფიალო სიმღერები. 

შეჯიბრის ჟინი გარე კახური საჭიდაოთი გადმოცემული, საიდანაც საოცარი სილაღე და სიხარული მოისმის. საბრძოლო მოწოდება და შემართება სიმღერაში ,,ქართველო, ხელი ხმალს იკარ”-ო გაცოცხლებული.

  მსმენელს არასოდეს დაავიწყდება დარდიანი ტკივილით სავსე ,,გაფრინდი, შავო მერცხალო”, ალაზნისპირების მარადიული სევდა და ტკივილი და არც ის სახლი, სადაც დაიბადა დიდი მომღერალი. ანაგის ხევს შემორჩა ნანგრევები, რომელიც ჰამლეტ გონაშვილის სახელს ატარებს. ამ ნანგრევებს თავზე გუმბათივით ადგას უსაზღვრო, ლურჯი ცა, მაღლიდან ცივ-გომბორის მთები გადმოჰყურებს. წინ კი გაშლილა ალაზნის ველი, რომლის მიღმა მოჩანს კავკასიონის თოვლიანი მწვერვალები. თვალს მწვერვალები იტაცებს, მასაც გალაქტიონივით შეეძლო ეთქვა: ,,და ვკითხულობდი, ვოცნებობდი, ვმღერდი თუ ვწერდი, მსდევდნენ, მეძახდნენ, მიზიდავდნენ ის მწვერვალები”.

  ამბობენ: თურმე ბავშვობაში საათობით ყურს უგდებდა ფრინველთა გალობას, ნატიფი ქართული ორნამენტების გამოყვანაც შეუსწავლია, წინაპართა უმდიდრესი სასიმღერო მემკვიდრეობა გაუათავისებია. ამ გარემოში ეზიარა სამყაროს იდუმალ მუსიკას, აქვე ისმენდა გუთნისდედის სევდიან ოროველასა და ურმულს. ხალხის წიაღში, ხომ უამრავი ნიჭიერი მომღერალი არსებობდა. მათგან ითვისებდა ჯადოსნურ ხმებს, თავადაც ხალხის წიაღიდან მოდიოდა და თან მოჰქონდა საუკუნეების განმავლობაში გამოტირებული და გადარჩენილი ქართული სიმღერა.

  სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტმა სწორედ ხალხური სიმღერითა და უჩვეულო ხმით მიიქცია ყურადღება. არ იყო მაშინ პოპულარული ქართული ხალხური სიმღერები.

მისთვის მიხეილ კვესელავას ურჩევია მთელი სერიოზულობით მოჰკიდებოდა თავის იშვიათ ხმასა და ნიჭს და თავიდან მოეშორებინა მსახიობობაზე ოცნება. მიხეილ კვესელავა იყო მისი ნიჭის პირველი აღმომჩენი და დამლოცველი.

 მას შემდეგ წლები გაივლის და ჰამლეტ გონაშვილი კვლავ დაუბრუნდება სცენას, როგორც სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი, ხოლო მოგვიანებით, ვოკალურ ანსაბლ “რუსთავის” ვარსკვლავი.

 მას შემდეგ არაერთხელ გაუოცებია ქართველი თუ უცხოელი მსმენელი. ესპანეთში, ფოლკლორული ანსამბლების მსოფლიო ფესტივალზე, სასტუმროში, გვიან ღამით ასულან შოტლანდიური ანსამბლის წევრები, თურმე ყელზე ხელს უსვამდნენ, ეფერებოდნენ, მთელი ღამე ამღერებდნენ და ჯადოსნური ჰანგებით ტკბებოდნენ.

ჰამლეტ გონაშვილი მთელ მსოფლიოს აუწყებდა ქართული სულის მრავალფეროვნებას, იდუმალებასა და სევდას, ტრაგიკულ ხვედრს იმ ერისას, დიდი კულტურული წარსულის მიუხედავად, რომლის უტყუარი დადასტურება მისი სიმღერა გახლდათ, ვერაფრით რომ ვერ დადგა ,,ერად სხვა ერთა შორის”.

ტრაგიკული იყო თავად მომღერლის ხვედრიც. ბრმა შემთხვევამ შეწყვიტა მისი სიცოცხლე, თუმცა მან თავისი სიმღერით დათრგუნა სიკვდილი, მარადისობას აზიარა ქართველი ერი და თავადაც უკვდავების ბინადარი შეიქმნა. 

მაგრამ სიმღერა არ შეწყვეტილა. . . 

  ანაგის შემოგარენს სამუდამოდ შემორჩა მისი სევდიანი ,,შენ ბიჭო ანაგურელო”.


ჰამლეტ გონაშვილს


-გარდაცვალება კაცთა ხვედრია, 

უკვდავთან სიკვდილს არა აქვს ხელი. 

შენ შეუერთდი ზეციურ წიაღს 

და ისევ უფლის სახელით მღერი...- 


მოგონებები ჰამლეტ გონაშვილზე – ანაგის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი, მანანა ილაშვილი


 

-იაპონიაში ყველა ქვეყნის მომღერლები იყვნენ ჩამოსულები, მათ ნამღერ სიმღერებს რობოტი იმეორებდა, ქართველებმა -შენ ხარ ვენახი- რომ იმღერეს, რობოტმა ჯერ ნაპერწკლები ყარა, შემდეგ კი სულმთლად დაიშალაო...- მსახიობი ზურაბ ქაფიანიძის მონათხრობი

 

- ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბოსტონში გამართულ საბჭოთა მუსიკის ფესტივალზე მესამე სიმფონია უნდა შესრულებულიყო. მე და ჯანსუღ კახიძემ ამერიკელი მომღერალი შევარჩიეთ, რომელსაც სვანური ზარი უნდა ემღერა, ყოველთვის ჰამლეტი რომ ასრულებდა. მომღერალს მისი ჩანაწერი გადავეცით და ვთხოვეთ, მოესმინა. ორი დღის შემდეგ უარი მივიღეთ, ვერ ვიმღერებ და ვერც მივბაძავო, რადგან ამას ჩვეულებრივი ადამიანი არ მღერისო - გია ყანჩელი. 

 

- ჰამლეტ გონაშვილი ისეთივე უნიკალური მოვლენაა ქართულ მუსიკაში, როგორც ფიროსმანი ფერწერაში- - წერს ელგუჯა ამაშუკელი. იქნებ არ იცის ბატონმა ელგუჯამ, რომ ფიროსმანაშვილების და გონაშვილების გვარი ორივე მირზაანიდან მოდის. ოდითგანვე ერთი ღობე ჰყოფდა ამ გვარის შთამომავალთ, ორივე გვარი აქ, მირზაანში წურავდა საღვთო ღვინოს. აქ არის, გვერდიგვერდ, ფიროსმანაშვილებისა და გონაშვილების ზედაშეები. იქნებ ამიტომაც დაჰყვათ მსგავსი ბედი. იყვნენ ძლიერთა ამა ქვეყნისთაგან შეუმჩნეველნი და ღვთისაგან რჩეულნი...- მაყვალა გონაშვილი. 

 

-საქართველოში კარგი ხმა და სიმღერა ვის გაჰკვირვებია! ჰამლეტ გონაშვილისა - უკვირთ. საიდან მოდის ეს ჰანგი, რა ბადებს ამ უბადლო ტემბრს, მის სისპეტაკესა და ოდნავ ნაღვლიან შეფერილობას?- ვილენ მარდალეიშვილი. 

 

--ხალხმა სიცოცხლეშივე უწოდა ჰამლეტ გონაშვილს ლეგენდარული მომღერალი. ეს მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულთა ხვედრია- ჯემალ ბაღაშვილი. 

 

დიახ, ჰამლეტი მართლაც რჩეულთა შორის რჩეული იყო... და დღესაც, ვინც მის სიმღერას ისმენს, მისი ხმა ადამიანთა გულებს სალბუნად ედება. 

 
ჰამლეტ გონაშვილი


მე საქართველოს თბილ მიწას ვლოკავ,

მაგრამ არ ვიშლი თქვენს შორის როკვას,

ჩემი ხმა იყო ხატივით სუფთა,

და ამიტომაც დავჭირდი უფალს.

არ მითესია შური და გესლი,

მე მხოლოდ კაცის სიყვარულს ვთესდი,

არ გავკიოდი ვით ბუკნა ჭოტი,

ბულბულის ყელით უფალთან ვბჭობდი.

ანგელოზია ჩემი ხმა ფუძის,

მიწაზე ყოფნა მიტომაც უმძიმს

და, როცა ჭმუნვა გეწვევათ მძაფრი,

მე გადავაბამ გულს გულზე ძაფით.

ჩემი ხმა მშიერს მოუკლავს შიმშილს,

და ცივ ზამთარში გაათბობს შიშველს,

და ასე მუდამ კარიკარ ივლის,

ზვრებში, ჯეჯილში დაიწყებს ლივლივს.

შემოგიჯდებათ ერდოზე მერცხლად,

იმედად, ლოცვად გიტოვებთ ჩემ ხმას,

ნუ დამივიწყებთ „წინწყაროს“ პატრონს,

ნუ მიმატოვებთ საფლავში მარტოს.

ვიცი, ჩემი ხმა ათას წელს გაძლებს,

გიტოვებთ ჩემს ხმას ისე ვით ანდერძს,

ჩემი ხმა იყო ხატივით სუფთა 

და ამიტომაც დავჭირდი უფალს! 

 

მედეა კახიძე